სახელმწიფო კანცელარიაში უშიშროების საბჭოს მდივნის ეკა ტყეშელაშვილისა და პოლიტიკური ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგოც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ტყეშელაშვილმა განუმარტა, საუბარი ორ ძირითად საკითხს ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციასა და კრიზისების მართვის თვალსაზრისით ახლებური ხედვის ჩამოყალიბებას შეეხება.
"სამუშაო ჯგუფების მიერ საინტერესო სამუშაოები იქნა გაწეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისეთ კონცეპტუალურ დოკუმენტთან დაკავშირებით, როგორებიცაა ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, რისი სერიოზული მონახაზიც უკვე არსებობს და კრიზისების მართვის თვალსაზრისით ახლებური ხედვის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისივე შეფასებით "ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭომ ორივე დოკუმენტი ოპოზიციასთან ერთად სიღრმისეულად განიხილოს და მათზე მუშაობა გააგრძელოს.
რაც შეეხება თავად პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებას, ისინი უშიშროების საბჭოს მდივანთან კონკრეტული წინადადებებით მივიდნენ. კერძოდ, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ტრადიციონალისტების ლიდერს აკაკი ასათიანს მიაჩნია, რომ უშიშროების საბჭოს მუშაობამ უფრო რიტმული ხასიათი უნდა მიიღოს.
"მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს მსგავსი ფორმატის შეხვედრების გამართვას აზრი. თანაც შეხვედრაზე განსახილველი საკითხები რამდენიმე კვირით ადრე უნდა იყოს ცნობილი და მის შესახებ მხოლოდ წინა დღეს არ უნდა ვიგებდეთ. სხვა შემთხვევაში სოლიდარობის გამოხატვა როცა სახელმწიფოს უჭირს სხვა ფორმითაც შეიძლება", - განუცხადა შეხვედრის დაწყების წინ ასათიანმა ჟურნალისტებს.
საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი გია თორთლაძე კი შეხვედრაზე იმ საკითხით დაინტერესდება რა ხედვა აქვს უშიშროების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლისა და დივერსიების წინააღმდეგ. "აღნიშნულის თაობაზე მას ჯერ საბჭოს კონცეფციას მოვისმენთ შემდეგ კი მას საკუთარ წინადადებებს გავაცნობ"- განმარტა თორთლაძემ. აღსანიშნავია რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრა პირველად მიმდინარეობს.