ლევან იოსელიანი საქართველოში რუსეთიდან მოქალაქეების დიდი ნაკადების შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
დღეს ეს ადამიანები აღარ არიან ტურისტები, ესენი არიან კონკრეტული ჯგუფი, ძირითადად მამაკაცების, რომლებიც იქ სამხედრო სამსახურს არიდებენ თავს, ე.წ. დეზერტირები და მათ უნდათ, საქართველოში აარიდონ თავი თავიანთ სამხედრო სამსახურს. წინასწარ არავინ იცის, თუ რა გეგმები აქვთ მათ მომავალში, აცხადებს ლევან იოსელიანი.
,,ყოველთვის ვთვლიდი, რომ ტურისტების ეთნიკური ნიშნით გარჩევა არ არის სწორი, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე. არ ვიცით, ეს ხალხი კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ თუ არა, არ ვიცით ისინი საერთოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ?! გარდა იმისა, რომ დღეს მათ უნდათ თავიანთი პრობლემა მოიგვარონ და თავი აარიდონ გაწვევას, არ ვიცით, მერე რასაპირებენ. ეს რომ 100 და 200 კაცი იყოს, დიდი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც 70 00 ადამიანზეა საუბარი და აქედან 16 000 საქართველოში დარჩა მხოლოდ ერთ კვირაში, ვფიქრობ, ეს დასაფიქრებელია და სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ადამიანების შემოშვების ფილტრაცია მოხდეს. ეს ადამიანები შემოდიან სტიქიურად, საბუთში ურტყამენ შემოსვლის ვიზას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არც ჩვენს სპეცსამსახურებს და არც მებაჟეებს არ აქვთ. შეუძლებელია, ყველა მათგანის უსაფრთხოების ფილტრში გატარება მაშინ, როცა ამხელა ნაკადთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების შემოშვება რაღაც პერიოდით უნდა შეჩერდეს და შემდეგ სახელმწიფომ მოიფიქროს მექანიზმი, როგორ მოახდენს მათ გაფილტვრას.
ვინმე გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ამ ადამიანებისგან ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება? ამის დამაჯერებელი არგუმენტი ჩვენ მოვისმინეთ? მარტო ამ ბოლო დღეებში, 25 სექტემბერს 11 000 კაცი შემოვიდა, ხოლო 26 სექტემბერს - 10 000. 24 საათში 10 000 კაცის შემოწმება ხომ წარმოუდგენელია, განა რამდენი დრო უნდა დაუთმო ერთი ადამიანის შემოწმებას?
საზღვრის სრულად ჩაკეტვას არ ვემხრობი, რადგან ამით შეიძლება დააზარალო ის ხალხი, ვინც ნამდვილად გამოურბის სიკვდილს. მე ვემხრობი ამ ადამიანების შემოწმებას. ნუ შემოვა ერთ დღეში 10 000 კაცი, შემოვიდეს 1 000 კაცი და ეს 1 000 კაცი იყოს მაქსიმალურად შემოწმებული და ვიყოთ დაზღვეული, რომ ისინი რაიმე პრობლემის იმპორტს არ ახდენენ ჩვენ ქვეყანაში. პატარა ქვეყანა ვართ და რუსეთში იმდენი ხალხი ცხოვრობს, ყველას თუ შემოვუშვებთ, ვინც ომს გამოექცევა, ქართველების ადგილი აღარ იქნება. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რამდენ კაცს ვუშვებთ. რაღაც პერიოდის შემდეგ 1 მილიონი კაცი რომ შემოვიდეს, დაახლოებით ამდენი ვართ ჩვენც და ეს ნორმალურია? ჩვენს ქვეყანას ეს საფრთხეს არ შეუქმნის?!“ _ აცხადებს ლევან იოსელიანი.