ცხინვალის მე-4 სამხედრო ბაზიდან რუსი ჯარისკაცი გაიქცა. ოკუპანტების 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურე უკვე 24 საათია იძებნება.
ალექსეი ჩერპუნოგი ცხინვალში მოტომსროლელთა სამხედრო ნაწილში ერთი თვის წინ, სტავროპოლიდან გადაიყვანეს. მისი გაუჩინარების შესახებ გუშინ დილით, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჯარისკაცი შეკრებაზე არ გამოცხადდა. მისი ძებნა ჯარისკაცებმა დაიწყეს, თუმცა კვალს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ვერ მიაკვლიეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ. რუსული მედია ინფორმაციას, მხოლოდ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილებიდან ჯარისკაცები გარბიან.