ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტისთვის ქვეყნის შიდა პროდუქტის მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს გამოყოფილი, რაც, მისი თქმით, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ქვეყანამ თავდაცვა გააძლიეროს.
„მაშინ, როცა რეგიონში ყველა ჩვენი მეზობელი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, რას უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება? – უნდა აძლიერებდეს ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას, აყალიბებდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ყიდულობდეს მძიმე შეიარაღებას.
გაოგნებული ვარ „ქართული ოცნების“ არხეინობით. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენს რეგიონში ყველა ჩვენი მეზობელი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. ამ დროს ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ? ჩემი აზრით, ნორმალური ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ აძლიერებდეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, უნდა აღადგენდეს და მწყობრში მოჰყავდეს განადგურებული სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა, აყალიბებდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ფეხზე აყენებდეს სამხედრო მრეწველობას, ყიდულობდეს მძიმე შეიარაღებას. სახელმწიფომ უნდა აღადგინოს საყოველთაო გაწვევა. ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი და ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი. ყველა მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რომ ომის შემთხვევაში, თავის დაცვა შევძლოთ. ბიუჯეტში შემოვიდა ცვლილებები და 480 მილიონიდან 80 მილიონი მიდის თავდაცვაზე, საიდანაც ახალი იარაღის შესყიდვაზე გამოყოფილია მხოლოდ 20 მილიონი ლარი. ეს არის არაადეკვატურობის მწვერვალი. არ ვიცი, რის იმედად ვართ, ასე არხეინად როდემდე შეიძლება, ვიყოთ? პოლონეთის მაგალითს ვიტყვი, რომ სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნის შიდა პროდუქტის 5 პროცენტია, ამ დროს ჩვენ ერთი პროცენტიც კი არ გვაქვს ამისთვის გამოყოფილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.