„ჩვენ გვაქვს მორიგ ჯერზე მკაფიო მონაცემები იმის თაობაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება ანუ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მტრების გარე თუ საზოგადოების შიდა მტრების წინააღმდეგ მოქმედებების ნაცვლად საკუთარ მოქალაქეებსა და უბრალოდ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ხარჯავს ამ რესურსს უკანონოდ თან ძალიან ბინძური ფორმით", - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სუსის მხრიდან მოსმენებზე გავრცელებულ ინფორმაციას
გიგა ბოკერიას განცხადებით, ის, რომ არ მომხდარა რეაქცია ან თუნდაც რომ მოხდეს ფორმალური რეაგირება ხვალ, არაფერს არ ცვლის. ჩვენ არ უნდა მოვიტყუვოთ თავი, რომ ჯერ კიდევ იმ ვითარებაში ვართ, როცა ინსტიტუტებს შიგნით ამ ყველაფრის დაძვრის მცდელობა ღირს, თუნდაც იმის დემონსტრირებისთვის რომ ინსტიტუტები არ მუშაობს. ამ ზღვარს გაცდენილია ყველაფერი.
მისი თქმით, ამ ყველაფერს აზრი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი კედელთან იქნება მიყენებული და მორყეული, რა თქმა უნდა, საბოლოო გამოსავალი ამ ვითარებიდან არის მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა. სხვა ყველაფერი არის თავის მოტყუება ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ნებისმიერი ინსტრუმენტის, კომისიებისა და სხვა დანარჩენის შედეგად.
„შეიძლება დადგეს და უნდა დადგეს მომენტი, სასურველია, რაც შეიძლება მალე, როდესაც ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენებთ რეჟიმს, როცა სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ვაიძულოთ. ოღონდ ჯერ ეს ვითარება არ არის და უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილმა გაიგოს ეს ძალიან მძიმე და მარტივი ამბავი, ივანიშვილი და ჩვენი უსაფრთხო, თავისუფალი, დასავლური მომავალი არის შეუთავსებელი.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.