პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან კარგია.
იოსელიანის თქმით, პრეზიდენტის პლატფორმა შეიძლება, გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან დიალოგი დაიწყონ. თუმცა, იოსელიანის შეფასებით, მოკლე დროში ხელშესახები შედეგების მიღწევა ძალიან რთული იქნება.
„მას სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ საქართველოში დაიწიოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა. მათ შეიძლება, რაღაც საერთო ინტერესები ამოძრავებდეთ და ამ საერთო ინტერესებმა გარკვეულწილად განსხვავებული მოქმედება აიძულოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც წლებია, ერთმანეთს ლანძღავენ და უშვერ გამონათქვამებს არ იშურებენ, ყველას კარგად გვესმის, ერთმანეთის მეგობარი რომ არ გახდება. ამ შერიგების უკან უფრო ვხედავ პროცესს, რომელიც პოლიტიკაში ურთიერთობის რაღაც სტანდარტს დაამკვიდრებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიები უფრო საერთო ინტერესების ძიებაზე იქნებიან გადასული. პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის პლატფორმა შეიძლება, იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან დიალოგი დაიწყონ. ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და ამას პრეზიდენტი ხელს უწყობს, თუმცა ძალიან კარგად მესმის, რომ რაღაც ხელშესახები შედეგების მიღწევა ამ მოკლე დროში ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა“.