შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკსა და სხვა ქალაქებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ღონისძიებები გაიმართა.
მემორიალურ ღონისძებაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა გვირგვინით შეამკო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შენობა, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ერთ-ერთი თვითმფრინავი დაეჯახა.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგაც კი, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აგრძელებს ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირთა დევნას.
სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა გაიხსენა, რომ აგვისტოში ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულში ალ-ყაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი მოკლეს.
"ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ, არასოდეს დავნებდებით. ჩვენი ვალდებულება შეერთებულ შტატებზე შესაძლო თავდასხმის აცილების თაობაზე, მარადიულია", - თქვა პრეზიდენტმა.
თავის გამოსვლაში ბაიდენი კვლავ გამოვიდა "დემოკრატიის დაცვის" მოწოდებით,
"ძალისხმევის გაწევა დემოკრატიის დასაცავად წელიწადში ერთხელ ან ხანდახან საკმარისი არ არის. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე. ეს არ არის მხოლოდ ხსოვნის დღე, ეს არის განახლებისა და გადაწყვეტილების მიღების დღე ყოველი ამერიკელისთვის თავისი ქვეყნისა და იმ პრინციპების ერთგულებისთვის, რომლებიც განასახიერებენ ჩვენს დემოკრატიას", - განაცხადა ბაიდენმა.
ხსოვნის ღონისძიებების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ნიუ იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში სიტყვით გამოვიდა. ხოლო პირველი ლედი ჯილ ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ შანქსვილში იმყოფებოდა, სადაც ალ-ყაიდას მიერ გატაცებული ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟმა გამტაცებლებისთვის ხელის შეშლა სცადა.
ხსოვნის ცერემონიალზე წაიკითხეს დაღუპულთა სახელები, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით.
2022 წლის 11 სექტემბერს 21 წელი შესრულდა შეერთებულ შტატებში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტიდან, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.