"ენერგოატომის" ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა სრულად გააჩერა. კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადაყვანისთვის.
როგორც "ენერგოატომი" განმარტავს, ბოლო დღეების განმავლობაში მე-6 ენერგობლოკი კვებავდა მხოლოდ სადგურის საჭიროებებს კრიტიკულად დაბალ სიმძლავრეზე, რადგან რუსული მხარის დაბომბვების გამო დაზიანდა ყველა საკომუნიკაციო ხაზი ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის.
ამჟამად, სადგურის ფუნქციონირება ხორციელდება დიზელის გენერატორებისგან მიწოდებული ენერგიით, რის გამოც საჭიროა დიზელის საწვავის დამატებითი პარტიების მიწოდება, რათა გაგრძელდეს სადგურის უსაფრთხოდ ფუნქციონირება.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მარტიდან რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. თუმცა მის ფუნქციონირებას უკრაინული პერსონალი ახორციელებს.