უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის დროს ტყვედ ჩაიგდეს რუსი ოკუპანტების დიდძალი რაოდენობა. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა იუთუბ-არხ "ფეიგინ ლაიფის" ეთერში.
"უკვე იმდენი ტყვე ავიყვანეთ, აღარ ვიცით სად წავიყვანოთ. იმდენი დაგროვდა ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეაზე და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია", - თქვა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი რუსული მოტომსროლელი პოლკი მთლიანად მიმოიფანტა მას შემდეგ, რაც მეთაურებმა მიატოვეს. რუსი სამხედროები ტყვედ ჩაბარების გზებს ეძებენ.
"არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რომელიც, როგორც ცუნამი, ისე ანგრევს რუსულ ჯარს. ხელში ჩავიგდეთ ათასობით ჭურვი, ცეცხლსასროლი სისტემები. თუ იზიუმის დაჯგუფებას ბოლოს მოვუღებთ, ტყვეების რაოდენობა ათასობით გაიზრდება", - დასძინა მან.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ქალაქი კუპიანსკი ოკუპანტებისგან გაწმინდეს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გათავისუფლების შესახებ იუწყებოდა.