ლონდონში, წმინდა ჯეიმსის სასახლეში მემკვიდრეობის საბჭომ ჩარლზ III ოფიციალურად გამოაცხადა გაერთიანებული სამეფოს მეფედ, თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურად და რწმენის დამცველად (ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად).
მეფე ჩარლზის კორონაცია ვესტმინსტერის სააბატოში მოგვიანებით გაიმართება. კორონაციის თარიღი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.
მემკვიდრეობის საბჭოს მიერ ჩარლზის მეფედ გამოცხადების ცერემონიას დაესწრნენ საბჭოს წევრები, ბრიტანეთის მაღალი რანგის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები, პოლიტიკოსები და ა.შ.
მემკვიდრეობის საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამეფოს ოჯახის წევრები, უელსის პრინცი, ტახტის მემკვიდრე უილიამი, დედოფალი კონსორტი კამილა, კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ბრიტანეთის მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, მთავრობის კაბინეტის წევრები და დიდი ბრიტანეთის მაღალი პოლიტიკური საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი.
ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თავად მეფე ჩარლზმა, უელსის პრინცმა უილიამმა და დედოფალმა კონსორტმა.
მემკვიდრეობის საბჭოს მიერ მიღებულ პროკლამაციის ტექსტს წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან წაიკითხავენ შემდეგ ლონდონის ცენტრში, სამეფო ბირჟის შენობასთან. ხვალ კი, შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში და უელსში,
ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა 8 სექტემბერს, დედის, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებისთანავე.
დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს შოტლანდიაში, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში გარდაიცვალა. ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება ვესტმინსტერის სააბატოში, თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.
დედოფალს უინძორის ციხე-სიმაგრეში მეუღლის, მამის, მეფე ჯორჯ VI-ის, დედისა და დის გვერდით დაკრძალავენ.
ფოტო: არქივი