საგადასახადო და საბაჟო უწყებებმა, როგორც იქნა, მიხეილ სააკაშვილის შექება დაიმსახურეს. ლილოში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული უწყებების კარგად მუშობაზე გაამახვილა ყურადღება. არადა, პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ საბაჟო სამსახურს სწორედ ლილოში "დაუპირისპირდა". მაშინ პრეზიდენტმა ლილოში ტელეკამერების წინ "გაკიცხა" და თანამდებობიდან გაათავისუფლა საბაჟო სამსახურის მაშინდელი უფროსი ზურაბ ანთელიძე. პრეზიდენტმა ანთელიძე საბაჟო ტერმინალზე სატვირთო ავტომობილების გრძელ რიგებს "გადააყოლა".
2007 წლის 21 თებრვალს სააკაშვილმა ექს-პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ზურაბ ანთელიძე მკაცრად გააკრიტიკა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა თანამდებობიდან. პრეზიდენტს მაშინ ანთელიძის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. უფრო მეტიც, მაშინდელი ოპოზიცია ზურაბ ანთელიძის ქომაგად მოგვევლინა.
"ვერაფერსაც ვერ მოაგვარებს ანთელიძე... ერთი წლის წინ მივეცით მკაცრი გაფრთხილება, თუმცა მდგომარეობა დღემდე არ გამოსწორებულა. დღესვე მოხსენით ყველა თანამშრომელი, აიყვანეთ ახლები, მიეცით მინიმუმ 1000 ლარი ხელფასი, ზუსტი ინსტრუქციები და ზუსტი დავალებები და მეორედ აღარ დავინახო, რომ ადამიანები ასე გაწვალდნენ",' - განაცხადა ლილოს ტერმინალში მისულმა მიხეილ სააკაშვილმა.
ანთელიძის მოხსნის შემდეგ სააკაშვილი საბაჟო-საგადასახადო სამსახურების კარგ მუშაობაზე ყურადღებას არასოდეს ამახვილებდა და ფინაანსთა სამინისტროს რეფორმებისკენ მოუწოდებდა. თუმცა დღეს ლილოში გაფორმების ეკონომიკური ზონის გახსნისას მიხეილ სააკაშვილმა შემოსავლების სამახურის მუშაობა ღიად შეაქო და უწყებას მუშაობის სტილი მოუწონა.
"უწყება მე არ შემიქია, მაგრამ იმის ფონზე, რაც დღეს აქ გაკეთდა, არ შემიძლია არ შევაქო. ამიერიდან გადამზიდავები და საქმიანი ადამიანები აქ სრულიად განსხვავეულ გამოცდილებას მიიღებენ. გაფორმების ეკონომიკური ზონა ანუ გეზი მკვეთრად ამცირებს ბიუროკრატიას და ნაცვლად სამი ოთხი ინსტანციისა გადამზიდავს აქ საშუალება ექნება "ერთი ფანჯრის" პრინციპით სრული ტექ მომსახურება მიიღონ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტა დღესვე საბაჟო ტარიფის განახევრების შესახებაც განაცხადა, რაც გადამზიდავების ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
"განბაჟების მომსახურების ტარიფი მინიმუმ განახევრდება. ადრე ყველა მომსახურებით სარგებლობა ჯდებოდა 450 ლარი, ახლა _ 200 ლარი. ეს არის მოჭრილი თანხა და ერთ ადგილზე ერთ ფანჯარაში იხდი. რაც ყველაზე მთავარია, გადამზიდავებისათვის მომსახურების დრო მინიმუმადე შემცირდება, რომლებიც საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ლოდინს დღეებისა და კვირეების განმავლობაში შეჩვეული იყვნენ", _ განაცხადა სააკაშვილმა
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ლილოში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მომუშავე პერსონალის ხელფასი 600-დან 1200 ლარამდეა.გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) ეს არის საქართველოში უპრეცედენტო სიდიდის, 12 ჰექტარზე გაშენებული კეთილმოწყობილი ტერიტორია სრული კომფორტით. სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი გათვლილია 400 სატვირთო ავტომანქანაზე. შესაძლებელია ერთდროულიად ნებისმიერი რაოდენობის იმპორტიორის მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში. ტვირთის გაფორმებისას, იმპორტიორს აღარ უწევს ძვირადღირებული ბროკერისა და დეკლარატის დაქირავება.
შესაძლებელია იმპორტიორმა დაისვენოს იმ დროს, სანამ მისი ტვირთი გადის გაფორმების პროცედურას. იმპორტიორის სრული ინფორმირება ხდება ერთ ფანჯარასთან, რითაც იგი ზოგავს დროსა და ენერგიას. იმპორტიორს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ექსპერტისა და ტექნიკური პერსონალის მომსახურებით. გეზში ტვირთის გაფორმების საფასურის გადახდა შესაძლებელია 5-დღიანი გადავადებით. ტვირთის გაფორმების სრული პროცედურა აქ რამდენიმე წუთში სრულდება.
გაფორმების ეკონომიკური ზონის შექმნა ახალი ეკონომიკური კურსის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის შეთავაზებას ბიზნესისათვის.