რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მედიაორგანიზაციების დამფინანსებლის ფინანსების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ტუღუშმა იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მედიამფლობელობის გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის განხილვისას დააყენა.
"ხშირად ხდება, რომ ადამიანი, რომელსაც ერთი თეთრიც არ ჰქონდა, მოულოდნელად მაუწყებლის აქციების მფლობელი ხდება და საიდან იღებს ამ ფულს, საიდუმლოდ რჩება. ამიტომ გთავაზობთ, ლიცენზიის ფლობის მსურველი ვალდებული გახდეს, ფინანსური დეკლარაციის გარდა, ამ ფულის წარმომავლობაც დაასაბუთოს", - აღნიშნა ტუღუშმა.
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრ ლევან ვეფხვაძის თქმით, ქართულ ტელეკომპანიებს შიდა პროდუქტი იმდენი არა აქვთ, რომ ფინანსური უზრუნველყოფისთვის საკმარისი იყოს.
"როდესაც პირი ხარჯავს 10 ლარს და აქედან მხოლოდ 7 ლარს გამოიმუშავებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან მოაქვს მას დანარჩენი სამი ლარი. ხშირად ხდება, რომ სწორედ ამ სამი ლარის გადამხდელი ხდება ტელეკომპანიის პოლიტიკის განმსაზღვრელი", - აღნიშნა ვეფხვაძემ.