უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 50 კილომეტრით წაიწიეს წინ და 20-ზე მეტი დასახელებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ Unian-ის ცნობით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა განაცხადა.
"ხარკოვის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში დაკარგული ტერიტორიების აღდგენის მიზნით, მიმდინარე კვირის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები ნაციონალური გვარდიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების დანაყოფებთან თანამშრომლობით აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს გარკვეული მიმართულებებით. გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებული ტერიტორიის საერთო ფართობი ხარკოვის იუჟნობუჟის მიმართულებით 700 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“, – ციტირებს Unian-ი გრომოვს.
7 სექტემბერს, ღამით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქიდან კარგი ამბები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით არ დაასახელებენ იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც გათავისუფლდა.
"ამ კვირაში კარგი ამბებია ხარკოვის რეგიონიდან, როგორც ჩანს, თქვენ ყველამ უკვე ნახეთ უკრაინის დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია. და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი ჯარისკაცებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი გრძნობა", - განაცხადა ზელენსკიმ. "ახლა არ არის დრო, დავასახელოთ ის ან სხვა დასახლებები, რომლებზეც უკრაინის დროშა ბრუნდება."