დეპუტატი გია თორთლაძე "ჟურნალისტების თავდასხმისგან" დასაცავად მექანიზმების შემუშავებას ითხოვს. ამის შესახებ გია თორთლაძემ დღეს, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"ვეთანხმები, რომ მედიის მფლობელების ვინაობა გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ როდის უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მედიის მიერ პოლიტიკოსებზე, სპორტის, კულტურისა თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებზე შეურაცხმყოფელი სიუჟეტები, სტატიები ქვეყნდება. უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომ ხალხი ჟურნალისტების თავდასხმისგან დავიცვათ", - აღნიშნა თორთლაძემ.
დეპუტატის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუღებელია მედიისთვის რაიმე შეზღუდვის დაწესება და "ვინ იქნება ყვითელი და ვინ კომპეტენტური" - გემოვნების საკითხია და ამ კუთხით შეზღუდვების დაწესება კატეგორიულად მიუღებელია.
"მიუხედავად იმისა, რომ მეც მქონია ჟურნალისტების მხრიდან არაკორექტულ დამოკიდებულებასთან შეხება და ერთხელ ჩემი ისეთი ინტერვიუ გამოქვეყნდა 12 კითხვით, რომელზედაც არასდროს პასუხი არ გამიცია, მანც ვფიქრობ, რომ მედიის შეზღუდვა და მასზე ამ კუთხით კონტროლის დაწესება არ შეიძლება", - აღნიშნა გაბაშვილმა.