მედიამაუწყებლის 10 %-იანი წილის მფლობელის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირება აიკრძალა. აღნიშნულ შეთანხმებას საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ დღეს იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიაღწიეს.
"კომიტეტის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ უნდა დავტოვოთ კითხვის ნიშნები მედიის მესაკუთრეების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომიტეტის დასკვნაში ჩაიწერება, რომ ყველა ის შესაძლო ზღვარი, რომელიც უკავშირდებოდა ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებს, განულდება", - განუცხადა ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა.
რაც შეეხება მედიაორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალეობის საკითხებს, კუბლაშვილის თქმით, კანონპროექტის მეორედ მოსმენის დროს მსურველებს ალტერნატიული წინადადებების დაყენების საშუალება მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ მედიაგამჭვირვალეობის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირება ეკრძალებათ და გამოსვლისთვის 6-თვიანი ვადა ეძლევათ.
ინიციატივის პირველად ვარიანტში, ოფშორში დარჩენა მხოლოდ იმ პირებს შეეძლოთ, რომლების კომპანიის წილის მხოლოდ 10%-ს ფლობდნენ.
საპარლამენტო ოპოზიცია გამონაკლისის დაშვებას კანონში შავი ხვრელის დატოვებად აფასებდა, ხოლო უმრავლესობას მიჩნდა, რომ ეს ტელეკომპანიის მფლობელს აქციების ბირჟაზე გატანის საშუალებას უნარჩუნდებოდა.
აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით 7 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.