სეპარატისტულ აფხაზეთში მოუწესრიგებელი სამისამართო მეურნეობის შესახებ მიდიოდა მსჯელობა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშთან გამართულ თათბირზე. საკითხი თათბირზე აფხაზეთის ე. წ. სტატისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა ზოია ავიძბამ წამოჭრა.
მისი თქმით, აფხაზეთში 2011 წლის თებერვალში მოსახლეობის აღწერა უნდა ჩატარდეს, თუმცა სამისამართო მეურნეობა დედაქალაქსა და რეგიონებში სავალალო მდგომარეობაშია. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა გასცა განკარგულება ამ სფეროში წესრიგის დამყარების შესახებ და აღნიშნა, რომ მასაც ხშირად ესმის, რომ აფხაზეთში ჩამოსული სტუმრები აქ ვერაფერს აგნებენ.
"ადამიანები გამუდმებით ჩივიან, რომ აფხაზეთში ვერაფერს აგნებენ, იმიტომ, რომ მრავალ რაიონში არ არსებობს ქუჩების, ობიექტებისა და სოფლების სახელწოდებების მანიშნებელი აბრები. დროა უკვე ეს სფერო მოვაწესრიგოთ", _ განაცხადა ბაღაფშმა.