ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებში 12-ვე პუნქტი თანაბარი მნიშვნელობისაა და ყველა უნდა შესრულდეს. ამის შესახებ დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
დევიდ კრამერი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოში იმყოფება, ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
"ვიმედოვნებ, ევროკავშირის პოზიცია არის გამომაფხიზლებელი მოწოდება იმისკენ, რაც უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის გეგმაში თითოეული პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მენიუ, საიდანაც უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს", - თქვა კრამერმა.
დევიდ კრამერმა დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელივანი, თუმცა ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. დეოლიგარქიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვები. ამ მხრივ პრობლემების შესახებ ჩემი შეხედულებები წარსულში გამომითქვამს. ჩემი შეხედულებები არ შეცვლილა. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს სერიოზულად და ვიმედოვნებ, რომ თუ ის მოგვარდება სხვა საკითხებთან ერთად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, ვიხილოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და შემდეგ წევრობასთან დაახლოება", - აღნიშნა კრამერმა.