ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული ნარატივია იმის მტკიცება, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს. ამის შესახებ დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
დევიდ კრამერი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოში იმყოფება, ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
"რუსული პროპაგანდა ცდილობს, დაადანაშაულოს აშშ და ევროპა. რა თქმა უნდა, აბსურდია იმის განცხადება, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაებას. საქართველოს უკვე ჰქონდა ომი და მას არ სჭირდება კიდევ ერთი. ჩვენ ვიხილეთ სოლიდარობა, რომელსაც ქათველი ხალხი გამოხატავს უკრაინის მიმართ, ჩვენ ვიხილეთ უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული ათასობით ქართველი. ამ კონფერენციის სახელწოდებაა „დიდება უკრაინას“. ვფიქრობ, იყო გარკვეული შეშფოთებები სამთავრობო დონეზე, თუმცა ეს არის აბსოლუტურად სასაცილო, იმის მტკიცება, რომ აშშ-ს სურს საქართვრლოს ომში ჩათრევა და ყველა, ვინც ამას ამბობს, კრემლის პროპაგანდას კითხულობს", - განაცხადა დევიდ კრამერმა.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი და სხვები.
კონფერენციის მონაწილეები ოძისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს შეხვდნენ და ოძისში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" თბილისში 5-6 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები არიან: „მაკკეინის ინსტიტუტი“, „ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.