საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც და განმარტა, თუ რატომ დაადო ამ კანონპროექტს ვეტო.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ცვლილებები აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით იყო მიღებული.
„ვეტოთი სწორედ ამისი თქმა მინდოდა, რომ შეიძლება, იყოს რაღაც მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას, მაგრამ იმ ფორმით, რომლითაც მიღებული იყო ეს ცვლილებები – არადასაბუთებული, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ არ იქნა ჩართული კონსულტაციებში, ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის კიდევ და მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული, მოსმენები კიდევ ერთხელ გახდეს ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი. ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმ მომენტში, როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ რამდენიმე თვეში მივდივართ იმისკენ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. კანდიდატის სტატუსი კიდევ ცოტა აბსტრაქტული ჩანს. მივდივართ ევროპისკენ, თუ მივდივართ, უნდა წავიდეთ. თუ არ მივდივართ, მაშინ უნდა ითქვას. და ვეტო ამისი მთქმელი იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, საითკენ ვართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.