საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც და განმარტა, თუ რატომ დაადო ამ კანონპროექტს ვეტო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ვენეციის კომისიამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა.
„მოხარული ვარ, რომ ვენეციის კომისიამ ამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა. თუ ჩემზე შეიძლება, ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, მგონი, ცოტა არ იყოს, უხერხულია ზოგიერთებისთვის, როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენტურობას. მით უმეტეს ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ იშველიებდნენ ვენეციის კომისიის დასკვნებს. ასე რომ, ჩვენ ცოტა სერიოზულობაც გვევალება. მით უმეტეს ამ ურთიერთობებში, იმ დროს, როცა კიდევ ერთხელ მივიღვწით ევროპისკენ და კანდიდატობის სტატუსისკენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი დეკლარირებული მიზანი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.