ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყვიტეს სრულად შეაჩერონ რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მეთაურმა ჟოზეპ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეს არ არის საბოლოო ვერდიქტი, რადგან არაფორმალურ შეხვედრებზე წევრი ქვეყნების მინისტრები გაგადაწყვეტილებებს არ იღებენ, მხოლოდ ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ აღწევენ პოლიტიკურ შეთანხმებას. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ბლოკის ყველა, 27 წევრის თანხმობა.
"ამ დრომდე გამარტივებული სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ იყო შეჩერებული, მხოლოდ სპეციფიკური პირებისთვის, მათ შორის ოფიციალური პირებისთვის, მეწარმეებისთვის. ახლა ეს არის სრული შეჩერება", - თქვა ბორელმა.
მისი თქმით, შეთანხმების შეწყვეტა მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალი ვიზების რაოდენობას, რომლებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსებზე გასცემენ.
ბორელმა დასძინა, რომ ევროკავშირს აქვს საერთო პოზიცია, რომლის თანახმადაც, უნდა გაგრძელდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსებზე ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე, განსაკუთრებით ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებზე.
"არსებობს გაგება, რომ ეს მოგვცემს საშუალებას, ვიზები გაიცეს ინდივიდუალურად, ყოველი შემთხვევის განხილვით, განსაკუთებით ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფების შემთხვევაში. ჩვენ არ გვინდა, მოვახდინოთ ჩვენი თავის იზოლაცია იმ რუსებისგან, ვინც არიან ომის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა, მოვწყდეთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას", - თქვა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი დიპლოტმატის თქმით, ბლოკის ქვეყნებს შორის არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსებისთვის უკვე გაცემულია მილიონობით ვიზა.
"შეშფოთება გამოითქვა მილიონობით არსებულ ვიზასთან დაკავშირებით და არსებობს საერთო გაგება, რომ ეს საკითხიც გადასაჭრელია. ეს სიტუაციაც საჭიროებს საერთო მიდგომას. ამიტომ ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას, გადახედოს ამ საკითხს და კონკრეტული რეკომენდაციები შემოგვთავაზოს", - თქვა ბორელმა.
შეთანხმება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებდა, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის 2007 წელს გაფორმდა.
შეთანხმების გაუქმება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთაც შენგენის ვიზის აღება მოესურვებათ, უფრო მეტი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, ვიზის გაცემის საკონსულო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდა. ამასთან, განცხადებს განხილვის ვადა გაიზრდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ქვეყნებს, თუ სავიზო შეზღუდვები იქნება მიღებული ცალკეული ქვეყნების ან მთელი გაერთიანების დონეზე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ევროპელი პოლიტიკოსები ნაციზმსა და რუსოფობიაში დაადანაშაულა.