ტელეარხის CNN-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად უკვე ჩავიდა კიევში.
14 ექსპერტისგან შემდგარი მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემართება.
მისიამ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საერთაშორისო საზოგადოების გაძლიერებული ყურადღების ქვეშ აგვისტოს დასაწყისიდან მოექცა, როდესაც რუსმა სამხედროებმა მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.
რუსეთმა უარყო მოწოდებები ატომური სადგურის დემილიტარიზაციის შესახებ იმ საბაბით, რომ მან უნდა "დაიცვას" სადგური პროვოკაციებისგან და დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს.
25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ატომური ელექტროსადგური მთლიანად გაითიშა ელექტროქსელიდან.
მოგვიანებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა განცხადება, ზაპორიჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა განაახლა კავშირი უკრაინის ენერგოსისტემასთან.