პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ივნისის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ძლიერი მუსონური წვიმები დაიწყო, სტიქიური უბედურების შედეგად 1136 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს, რადგან ასობით სოფელი ქვეყნის მთიან ჩრდილოეთში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს მას შემდეგ, რაც ადიდებულმა მდინარეებმა გზები და ხიდები წალეკა.
პაკისტანის კლიმატის ცვლილებების მინისტრმა, შერი რეჰმანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მესამედი წყლითაა დაფარული, რამაც "წარმოუდგენელი მასშტაბის კრიზისი გამოიწვია".
ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, პაკისტანში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად თითქმის 33 მილიონი ადამიანი დაზარალდა, 1000-ზე მეტი დაიღუპა. გარდა ამისა, სტიქიამ დააზიანა 4 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დაიღუპა 800 000-მდე პირუტყვი. რეგიონში სურსათის კრიზისს მოელიან.
ამავდროულად, წყალდიდობამ წარმოშვა "ჰიგიენური კატასტროფა", რადგან იზრდება ინფექციური დაავადებების გავრცელების მასშტაბები.
ძლიერი წვიმების სეზონი პაკისტანში ჩვეულებრივ გრძელდება ივნისიდან სექტემბრამდე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობაში და წყალმომარაგებაში, თუმცა ხანგრძლივი წვიმა ხშირად დამანგრეველ წყალდიდობას იწვევს.