საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმებას დადებითად აფასებს.
"ამ შეთანხმებით იხსნება ყველა შეზღუდვა და საქართველო ხდება ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის წევრი", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, იმ კონტექსტში, როცა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის გამოცხადებული მიზანია მაქსიმალური რაოდენობის ტურისტების მოზიდვა, არ შეიძლება საქართველოს მიმართულებით მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავდეს.
"ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი ტურისტული პოტენციალი. ამისათვის ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად ევროკავშირიდან, ვხსნით ყველა შეზღუდვას და ვხდებით ჩვენი წესებით, რეგულაციით და ტექნიკური მოთხოვნებით, ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის წევრი", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას ხელი გუშინ, ბრიუსელში მოეწერა.