საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პორტუგალიელ კოლეგა ლუის ამადუს შეხვდა
როგორც ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საუბარი ორმხრივი ურთიერთობებს და ეკონომიკური და კულტურული სფეროების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.
"ჩვენ გვსურს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, რადგან პოლიტიკური ურთიერთობები ისედაც მაღალ დონეზეა. შეხვედრისას განსაკუთარებული აქცენტი ტურიზმის მიმართულებასა და ენერგოსექტორზე გაკეთდა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაახლოებას, რასაც პორტუგალია მხარს უჭერს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის თაობაზე მემორანდუმიც გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ლუის ამადუ უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი პორგუტალიელი სტუმარი საქართველოს კულტურის სამინისტროში გაემგზავრა, სადაც ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების შესახებ შეთანხმება გაფორმდება.