საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.
სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტი გაიმართება, მას 60-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.
მანამდე G7-ის სამმა ლიდერმა - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ - დაადასტურეს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის ონლაინ სამიტში.
გარდა ამისა, ღონისძიებაში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიიღებს მონაწილეობას.
ყირიმის პლატფორმა არის საერთაშორისო ფორმატი, რომელიც შეიქმნა 2021 წელს, რომლის მიზანია ყირიმის დეოკუპაციის მიღწევა. პირველი სამიტი შედგა გასულ წელს, ასევე 23 აგვისტოს კიევში.