პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება.
"ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტებსა და დელეგაციებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება უკრაინაში არსებული ვითარების, სამხედრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
დუდა კიევში მატარებლით ჩავიდა, მისმა ოფისმა გამოაქვეყნა ფოტო კიევის რკინიგზის სადგურიდან.
23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტი გაიმართება, მას 60-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.
მანამდე G7-ის სამმა ლიდერმა - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ - დაადასტურეს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის ონლაინ სამიტში.
გარდა ამისა, ღონისძიებაში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიიღებს მონაწილეობას.
ყირიმის პლატფორმა არის საერთაშორისო ფორმატი, რომელიც შეიქმნა 2021 წელს, რომლის მიზანია ყირიმის დეოკუპაციის მიღწევა. პირველი სამიტი შედგა გასულ წელს, ასევე 23 აგვისტოს კიევში.