ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დააკავეს ორი რუსი - მამაკაცი და ქალი, ასევე ერთ უკრაინელი, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქ გრამშიში, სამხედრო ქარხანაში შეღწევას.
"ქარხნის მცველმა ჯარისკაცებმა მაშინვე მოახდინეს რეაგირება, მაგრამ სამი უცხოელის შეჩერების მცდელობისას ჩვენი ორი ჯარისკაცი დაშავდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 24 წლის რუსი მამაკაცი ქარხნის ტერიტორიაზე ფოტოების გადაღებას ეცადა. გაქცევის მცდელობისას მან მცველების წინააღმდეგ სპრეი გამოიყენა, თუმცა დააკავეს. მისი თანამზრახველები - 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინელი - ქარხნის მახლობლად დააკავეს. სამინისტროს ცნობით, სამივე ეჭვმიტანილია ჯაშუშობაში.
ალბანეთს ზაფხულში უამრავი ტურისტი სტუმრობს რუსეთიდან და უკრაინიდან. თუმცა, გრამშის სამხედრო ქარხანა სანაპიროებიდან 70 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
ალბანეთში კომუნისტური მმართველობის დროს, გრამშის ქარხანა კალაშნიკოვის ავტომატებს აწარმოებდა. ამჟამად, ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ქარხანა წარმოების მომსახურებას უწევს თავდაცვის ინდუსტრიას. კონკრეტულად რა მომსახურებაზეა საუბარი, უცნობია.
ალბანეთი ნატოს წევრია 2009 წლიდან.