"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თანათავმჯდომარეები ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე, პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძე და პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ევროპაში ხუთდღიან სტრატეგიულ სესიას გამართავენ.
"ქართული პარტიის" პრესსამსახურის ცნობით, სესიის ფარგლებში განიხილება პარტიის განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხები, საერთაშორისო პროექტები, საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნის თემატიკა.
ეროსი კიწმარიშვილის თქმით, სესიის პერიოდში "ქართული პარტიის" ლიდერები ასევე გეგმავენ შეხვედრებს ევროპელ ექსპერტებთან, ეროვნული სამოქმედო გეგმის - "თვითმყოფადობა, უსაფრთხოება, პროგრესი", - მოსამზადებლად. როგორც ცნობილია, ეს გეგმა, კერძოდ, მიმართულია საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისკენ, სოციალური პრობლემების მოგვარებისა და სამართლებრივი რეფორმების გატარებისკენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ისეთი საგარეო კურსის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას, აგრეთვე რუსეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა სახელმწიფოებთან კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარების მეშვეობით, მაქსიმალური შედეგის მიღწევას. სწორედ ამაში მდგომარეობს "ქართული პარტიის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.