საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა აუცილებელია. განაცხადა ასტანაში ეუთოს სამიტის დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მათ აზრით, გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხის განხილვა ყველაზე მნიშვნელოვანია.
"ვწუხვართ, რომ საბოლოო სამოქმედო გეგმის მიღების თვალსაზრისით პროგრესს ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხის განხილვა ყველაზე მნიშვნელოვანია", _ განაცხადა ჩეხეთის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ კონფლიქტები ეუთოს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა დასახელდეს.
"აუცილებელია საქართველოს დამოუკიდებლობის, სრული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. მოლდოვის საკითხზე მოლაპარაკებების განახლება და მთიანი ყარაბაღის საკითხზე პროგრესის მიღწევა. კონფლიქტები კი ეუთოს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა დასახელდეს ", _ განაცხადა ჩეხეთის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.