საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი.
"ენგურჰესის" უნიკალური თაღოვანი კაშხალი მსოფლიოში, თაღოვან კაშხლებს შორის, მეხუთე ადგილზეა და ზოგადად, კაშხლებს შორის კი, მეექვსე ადგილზე. იგი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი უდიდესი ინფრასტრუქტურით. ენგურის მდიდარი ჰიდროენერგორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დაიწყო ,,ენგურჰესის“, როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება.
"ენგურჰესს" ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა. ეს არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.
ამავდროულად, "ენგურჰესს" საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან“ და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს. გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია ,,ენგურჰესის“ პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.