სამიტის მთავარი დოკუმენტის ვერმიღება უკავშირდება საქართველოში, მოლდოვასა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პროგრესის ნაკლებობას. განაცხადა ასტანაში ეუთოს სამიტის დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას რუმინეთის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ მიღებული დეკლარაცია მთლიანად ვერ ასახავს იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც საერთო უსაფრთხოებას უკავშირდება.
"რუმინეთი სინანულს გამოთქვამს, რომ ეუთომ ვერ მოახერხა სამიტის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღება. მიღებული დეკლარაცია კი მთლიანად ვერ ასახავს იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც საერთო უსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა ჩვენ შევუერთდით მას ჩვენი მტკიცე ერთგულებისა და პატივისცემის გამოსახატავად ეუთოს ღირებულებებისა და პრინციპებისადმი", _ განაცხადა რუმინეთის წარმომადგენელმა და აღნიშნა: "ჩვენი შეფასებით მთავარი დოკუმენტის ვერმიღება უკავშირდება საქართველოში, მოლდოვასა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პროგრესის ნაკლებობას".
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სამიტის დოკუმენტში დეკლარირებული ყოფილიყო, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები საფრთხეს უქმნის საერთო უსაფრთხოებას. სამოქმედო გეგმას კი კონკრეტული ქმედებები უნდა მოეცვა მათ გადასაჭრელად", _ განაცხადა რუმინეთის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.