სლოვაკეთი საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებიც ამ დროისთვის, სლოვაკეთის არმიის შემადგენლობაში ირიცხება, უახლოეს დღეებში უკრაინას გადასცემს. იტყობინება სლოვაკური ტელეარხი RTV თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, მარტინ კოვალკასჩიკოვაზე დაყრდნობით.
"სლოვაკეთის ინტერესების გათვალისწინებით, ეს თვითმფრინავები გაიგზავნება უკრაინაში", - ციტირებს ტელეარხი პრესმდივნის სიტყვებს.
ამასთან, ბრატისლავის განცხადებით, უკრაინისთვის მიწოდებული საბრძოლო თვითმფრინავების ღირებულებას, სლოვაკეთი ევროკავშირისგან მიიღებს.
თუ რამდენი საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემა იგეგმება უკრაინისთვის, პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, ცნობილია, რომ სლოვაკეთის განკარგულებაში სულ 11 საბჭოთა გამანადგურებელია, რომელთა ექსპლუატაციიდან მოხსნა აგვისტოს ბოლოს იგეგმება.
სლოვაკეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობაზე 29 ივლისს, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იაროსლავ ნადიმ განაცხადა, რომ ბრატისლავამ შესაძლოა განიხილოს უკრაინისთვის 11 სამხედრო თვითმფრინავის გადაცემა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოსთვის, ქვეყანა შეწყვეტს მათ ექსპლუატაციას.
ნადის თქმით, სლოვაკეთი MiG-29-ების ექსპლუატაციას მას შემდეგ შეწყვეტს, რაც სლოვაკეთის საჰაერო სივრცის პატრულირებას ჩეხეთი და პოლონეთი დაიწყებს.