[საქართველოშ] ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები, - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
"საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.