დღეს, 3 დეკემბერს, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ედპ-ის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას გარდაცვალებიდან 16 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მისი მეგობრები და ახლობლები ჭანტურიას საფლავთან შეიკრიბებიან და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს თავისი სახლის სადარბაზოსთან მანქანაში ჩაცხრილეს.
გიორგი ჭანტურია 1959 წლის 19 აგვისტოს დაიბადა, დისიდენტური მოძრაობის პერიოდში მან 1981 წელს იატაკქვეშეთში აღადგინა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია". დისიდენტური საქმიანობისთვის პირველად 1979 წელს დააპატიმრეს. 1981 წელს იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა. 1983 წელს კვლავ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოცემების გავრცელებისთვის. გათავისუფლების შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჩამოყალიბებაში, თუმცა თავისი უკომპრომისო შეხედულებების გამო 1988 წელს გამოეთიშა ამ ორგანიზაციას. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო.
1994 წლის 3 დეკემბერს ჭანტურია თავისი სახლის სადარბაზოსთან მანქანაში ჩაცხრილეს.