რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ლუჰანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო "რესპუბლიკაში" ჩავიდა. ვიზიტის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა.
მედვედევის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სახელით, მან შეხვედრები გამართა ლუჰანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან, ლეონიდ პასეჩნიკსა და დენის პუშილინთან.
მედვედევს თან ახლდნენ რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, FSB-ს დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რესპუბლიკების კანონების ჰარმონიზაციას რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან, ინფრასტრუქტურის აღდგენას, საავადმყოფოების შეკეთებას და სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლების მომზადებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას და მოქალაქეების მხარდაჭერას", - ნათქვამია მედვედევის ტელეგრამის არხზე.
განცხადებაში არ არის მითითებული მედვედევის კონკრეტული ადგილსამყოფელი.