შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია გაჩხრიკა.
"ეს ბნელი დღეა ჩვენი ერისთვის. ჩემი ლამაზი სახლი ახლა FBI-ს აგენტების მიერ ალყაშია", - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
ტრამპის თქმით, სამართალდამცავებმა მისი სეიფი გატეხეს.
"ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადაცდომა, მართლმსაჯულების იარაღად გამოყენება და რადიკალი მემარცხენე დემოკრატების თავდასხმა, რომლებიც სასოწარკვეთილნი არიან და არ სურთ ჩემი მონაწილეობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში", - ამბობს ტრამპი.
გამოძიების ფედერალურ ბიუროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ამერიკული მედია, გამოძიების ბიუროსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასამართლოს მიერ ნებადართული ჩხრეკის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ტრამპმა თეთრი სახლიდან თან წაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეროვნული არქივისთვის უნდა გადაეცა.
თებერვალში ეროვნულმა არქივმა დაადასტურა, რომ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენტციის 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო. მათ შორის იყო ტრამპის ოფიციალური მიმოწერა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინთან, ასევე ოვალურ კაბინეტში ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ დატოვებული წერილი.
ამის შემდეგ, ეროვნულმა არქივმა იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა და მოკვლევის დაწყება სთხოვა.
კანონის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვების შემდეგ ვალდებულია, მისი წერილები, სამუშაო დოკუმენტები და ელექტრონული ფოსტა ეროვნულ არქივს გადასცეს.