ზაპოროჟიეს საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენ ბალიცკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.
გავრცელებული ცნობით, ევგენი ბალიცკიმ დოკუმენტს ხელი მელიტოპოლში მიმდინარე ფორუმზე – "ჩვენ რუსეთთან ერთად" მოწერა.
საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ზაპოროჟიე უკრაინას არასოდეს დაუბრუნდება.
"ზაპოროჟიეს მიწა სამუდამოდ ტოვებს უკრაინას. ზაპოროჟიეს ოლქმა დაადგინა რუსეთთან გაერთიანების კურსი და უკან დაბრუნება არ იქნება“, - თქვა ვლადიმირ როგოვმა, საოკუპაციო ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მესვეურმა.
როგორც მედია წერს, ამ რეფერენდუმისთვის მზადება დიდი ხანია მიმდინარეობს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ოლქში, რომელიც არ მოიცავს რეგიონალურ ცენტრს – ქალაქ ზაპოროჟიეს. ოკუპანტები აკონტროლებენ ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიის დაახლოებით 60 პროცენტს.
23 ივლისს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს საარჩევნო კომისიის შექმნა ამ უკანონო რეფერენდუმის ჩასატარებლად. ამისთვის საოკუპაციო ხელისუფლება აპირებს დახმარების თხოვნით რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს.
თავად რეფერენდუმი შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ არის გამოცხადებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება, რუსეთთან მოლაპარაკების ნებისმიერი შანსის დასრულებას ნიშნავს.