"თავისუფალი აზრის სახლის" წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, 23 ნოემბერს "თავისუფალი აზრის სახლმა" უცხოური სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ დივერსიფიცირებულ ინფორმაციაზე და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ ლისაბონის სამიტზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი გარკვეული ვადით დაიხურა.
"თავისუფალი აზრის სახლის" ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ გაურკვეველი განმარტებით უპასუხა. ინტერნეტსივცეში გავრცელებული დოკუმენტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საფრანგეთის ელჩი კლეგ სტაჰლეტონის საუბარიც ადასტურებს, რომ ტერიტორიული პრობლემის მოგვარებამდე საქართველოსთვის "მაპის" მიცემა გამორიცხულია", _ ნათქვამია განცხადებაში.
"თავისუფალი აზრის სახლის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან საუბარიც კი არ მიმდინარეობს. ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ნატოში გაწევრიანების მოტივით, არსებობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების რეალური საფრთხე.
"თავისუფალი აზრის სახლი" მოითხოვს კონკრეტულ განმარტებებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან, მათ შორის საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით", _ აღნიშნულია განცხადებაში.