ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე იმისი, რომ საქართველო გაძლიერდეს იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი ამ საქართველოს გაუმარჯოს და ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.
„მინდა, სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელ დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები ბრძოლები, რომელიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი, ჩვენი დემოკრატია არის უფრო ძლიერი ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ.
დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებში, ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის, რომ წინ ვიაროთ აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს, უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ.
ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არ არის არავინ ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე იმისი, რომ საქართველო გაძლიერდეს იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი ამ საქართველოს გაუმარჯოს და ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.