დღეს, 3 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT), კავშირი საფარი და ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის კავკასიური ცენტრი გახსნიან ადამიანის უფლებათა კვირეულს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 3-იდან 10 დეკემბრის ჩათვლით თბილისის ადამიანის ულებათა სახლი წევრ ორგანიზაციებთან ერთად აწყობს კვირეულს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება: შეხვედრები, დისკუსიები, დოკუმენტური ფილმების ჩვენებები და ა.შ..
კვირეული გაიხსნება კონსტიტუციის 42-ე მუხლის ღონისძიებით - ადვოკატ ქალთა რეგიონალური შეხვედრა. შეხვედრაზე ადვოკატები იმსჯელებენ სტრატეგიული სამართალწარმოების, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ. განხილული იქნება ის სიახლეები, რომელიც მიმდინარე წელს დაინერგა სასამართლოებში.
კვირეულს გააგრძელებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დოკუმენტური ფილმის ჩვენებითა და დისკუსიით თემაზე - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო;
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სტუდენტი ახალგაზრდებისთვის გამართავს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას ფოტორეპორტიორების მუშაობაზე ღაზას სექტორში. კავშირი "საფარი" ქალთა მიმართ ძალადობაზე მოაწყობს დისკუსიას და ფილმის ჩვენებას - "შინ და უკან".
კვირეული დასრულდება აშშ-ში არასრულწლოვან დამნაშავეების მდგომარეობაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებით, რის შემდეგაც GCRT-ის ფსიქოლოგები დისკუსიას
გამართავენ საქართველოში ამ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და მოახდენენ
ფილმის ქართულ რეალობასთან შედარებას და სიტუაციის ანალიზს.
10 დეკემბერს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით მოაწყობს რებეკა რიჩმან კოჰენის დოკუმენტური ფილმის - "ომი დასრულდა", პრეზენტაციას. ფილმში გადმოცემულია ის დილემა, რის წინაშეც საერთაშორისო სამართალი დადგა სიერა ლეონეს შემთხვევაში.
კვირეულის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია და სტუდენტ ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების სხვადასხვა სფეროში ცნობიერების ამაღლება.