რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედვის გვერდზე სოციალურ ქსელ "ვკონტაქტე"-ში 2 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნდა პოსტი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს შესახებაც იყო საუბარი.
პოსტში ნათქვამი იყო, რომ საქართველო მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში შეიძლება გაერთიანდეს. ამასთან, ავტორის მტკიცებით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა.
მედვედევის ამ პოსტის შესახებ ინფორმაცია რუსმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა გაავრცელა. მისივე თქმით, პოსტი მედვედევის გვერდიდან გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 წუთში წაიშალა.
მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ასევე საუბარი იყო ყაზახეთზეც, რომელსაც ავტორი "ხელოვნურ სახელმწიფოს" უწოდებს. ავტორის მტკიცებით, ყაზახეთი რუსეთის ტერიტორიაა.
მედვედევის პოსტთან დაკავშირებით განმარტებები გავრცელდა რუსულ მედიაში. დმიტრი მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვი ამტკიცებს, რომ მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი, სადაც საუბარი საქართველოზეც იყო, მას არ დაუწერია.
ოსიპოვის თქმით, უცნობია ვინ გატეხა მედვედევის გვერდი.
მისივე თქმით, გაარკვევენ რუსულ სოციალურ ქსელთან და მასთან ვისაც ევალება საკითხის მოგვარება, თუ ვინ დაწერა "წაშლილი პოსტი".