უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 46 დასახლების დეოკუპაცა მოახდინეს. ამის შესახებ ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრი ბუტრიიმ განაცხადა.
"ხერსონის ოლქში უკვე დეოკუპირებულია 46 დასახლებული პუნქტი, მათი დიდი ნაწილი ოლქის ჩრდილოეთ ნაწილშია, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქს ესაზღვრება და ზოგიერთი სამხრეთით, მიკოლაევის ოლქის საზღვართან", - განაცხადა მან.
მისი თქმით, არის სოფლები, რომლებიც "პრაქტიკულად 90%-ით დანგრეულია".
"ეს დასახლებები მუდმივი ცეცხლის ქვეშაა, არ არის წყალი, გაზი და ელექტროენერგია. ზოგიერთ მათგანში ხალხი კვლავ რჩება, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა წავიდა", - დასძინა მან.
ბუტრიის თქმით, მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, მოსახლეობას, [ხერსონის] ოლქის სრულ გათავისუფლებამდე უფრო უსაფრთხო ტერიტორიებისკენ ევაკუაციას ურჩევენ.