დღეს, 2 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გახსნის აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებულ ახალ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების ეფექტიანობის გაძლიერებას.
პროგრამა "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში" (G-PAC), განხორციელდება USAID-ის მეშვეობით. ეს არის ოთხწლიანი, 13,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც მოიცავს 3 მილიონიან საუნივერსიტეტო კომპონენტს, რათა საჯარო პოლიტიკის ახლი სამაგისტრო პროგრამის მეშვეობით ჩამოყალიბდეს პოლიტიკაზე მსჯელობისა და დისკუსიის კულტურა.
G-PAC პროგრამა არის ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად გაწეული ათწლიანი დახმარების გაგრძელება. პროგრამა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას საჯარო პოლიტიკის რეფორმების განვითარებაში და მათი ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაში. პროგრამით ისარგებლებენ საქართველოს ინტელექტუალთა ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, მთავრობა და საზოგდოება.