შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი სამძიმარს უცხადებს გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
"გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. აშშ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი მეგობრების გვერდით დგას", - წერს ნედ პრაისი "ტვიტერში".
შეგახსენებთ, 29 ივლისს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები – კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი, მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.
ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. ტურისტი, რომელიც პარაპლანით სარგებლობდა, დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა და კლინიკაში იმყოფება.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.