თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან არის მჭიდრო და თანმიმდევრული.
მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას ხელს შეუშლიდა.
„საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც შეურაცხყოფდა ევროპულ ღირებულებებს. ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერი. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მმართველ გუნდის შესაძლებლობებზე - ყურადღება მეტწილად უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.