სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის განცხადებით, ბრატისლავა უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს.
საუბარია სულ 11 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემაზე.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იაროსლავ ნადიმ განაცხადა, რომ ბრატისლავამ შესაძლოა განიხილოს უკრაინისთვის 11 სამხედრო თვითმფრინავის გადაცემა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოსთვის, ქვეყანა შეწყვეტს მათ ექსპლოატაციას.
"გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ამას ფართო დისკუსია სჭირდება. მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ლონდონი არ განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას, მაგრამ შესთავაზებს სლოვაკეთს გამანადგურებელ თვითმფრინავებს მისი საჰაერო სივრცის დასაცავად.