ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე დააკავეს.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, დაკავებული "საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობდა".
როგორც იუწყებიან, ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია "სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით".
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დაკავებული გოგო სოხუმში, ე.წ. უშიშროების სამსახურის იზოლატორშია. მისივე ცნობით, ახალგაზრდა ქალი ნაბაკევში, მამასთან ერთად ცხოვრობს და გალიდან ზუგდიდში ხშირად ჩადიოდა.
მათივე ცნობით, აფხაზმა სამართალდამცავებმა გოგო მაშინ დააკავეს, როცა საოკუპაციო ხაზის გავლით, ზუგდიდში გამგზავრებას ცდილობდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ქრისტინე თალაკანძის დაკავება და განცხადება გაავრცელა:
"ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს", - ნათქვამია განცხადებაში.