2023 წლის ევროვიზიის კონკურსი დიდ ბრიტანეთში ჩატარდება. ინფორმაციას ევროპის მაუწყებელთა კავშირი ავრცელებს. კონკურსისთვის, 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყანას, უკრაინას უნდა ემასპინძლა, თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე ომისა და უსაფრთხოების გამო, ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მომავალ წელს კონკურსი ბრიტანეთში ჩაატარონ.
2022 წლის ევროვიზიაზე მეორე ადგილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა დაიკავა, სწორედ ამიტომ, კონკურსის ორგანიზატორებმა მოლაპარაკებები ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაიწყეს, რაც წარმატებით დასრულდა.
უკრაინა თავდაპირველად ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა მოლაპარაკების გაგრძელებას უკრაინის ტერიტორიაზე კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა შედეგად, უსაფრთხოების საკითხებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ჯერ უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი ქალაქი უმასპინძლებს ევროვიზიას 2023 წელს. მასპინძელი ქალაქის შესარჩევი კონკურსი მიმდინარე კვირაში დაიწყება.