მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა შეშფოთებულია რუსეთის შესაძლო აგრესიის რისკით მას შემდეგ, რაც მოსკოვი მეზობელ უკრაინას დაესხა თავს. ამის შესახებ გავრილიცამ CNN-თან ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ. ეს არის რისკი, ეს ჯერ კიდევ ჰიპოთეტური სცენარია, მაგრამ თუ საომარი მოქმედებები გადაინაცვლებს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ოდესისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, შეშფოთების საფუძველი იქნება", - თქვა მან.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა ერთადერთი არ არის, რომელსაც რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი აქვს.
"ეს არის ძალიან რთული ვითარება არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ეყრდნობა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს”, - თქვა მან.
"თუ ქვეყანას შეუძლია ომის დაწყება ტერიტორიების მიტაცებისთვის ისე, რომ საერთაშორისო სამართალი არად ჩააგდოს, ამ თვალსაზრისით უსაფრთხოდ ვერავინ იგრძნობს თავს და ვფიქრობ, ბევრი ქვეყანაა შეშფოთებული", - დასძინა გავრილიცამ.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრმა გავრილიცამ აღნიშნა, რომ ამ ომის გამო, მოლდოვა, უკრაინის შემდეგ, ეკონომიკურად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ხალხი კეთილსინდისიერად უმკლავდება კრიზისს და ქვეყანამ ნებაყოფლობით მიიღო დიდი რაოდენობით უკრაინიდან ლტოლვილი.